აკადემიური საბჭო (გამგეობა)

1. აკადემიური საბჭო (გამგეობა) არის დაწესებულების მართვის უმაღლესი ორგანო, რომელიც:

ა) იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე დაწესებულების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ;

ბ) ამტკიცებს დაწესებულების სტრატეგიული განვითარების გეგმას;

გ) იღებს გადაწყვეტილებას სკოლის ჩამოყალიბების ან რეორგანიზაციის, ასევე, – თუ აღარ არსებობს  სკოლის დამოუკიდებული სტრუქტურული ერთეულის სახით ფუნქციონირების მიზანშეწონილობა, – მისი გაუქმების შესახებ;

დ) საკუთარი ინციატივით ან შესაბამისი სკოლის საბჭოს წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების შემუშავების, განხორციელებისა და მოდიფიცირების შესახებ;

ე) განსაზღვრავს დაწესებულების საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების პირობებს და ამტკიცებს შესაბამის დებულებებს;

ვ) წარმომადგენლობითი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს დაწესებულების სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების დებულებებს,  დაწესებულების ბიუჯეტის შედგენის წესსა და დაწესებულების ბიუჯეტს;

ზ) სკოლის საბჭოს წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას სკოლის საგანმანათლებლო და კვლევითი სტრუქტურული ერთეულების შექმნის, რეორგანიზაციისა და გაუქმების შესახებ, ასევე - შესაბამისი სკოლის აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზოგადი სქემის დამტკიცების შესახებ;

თ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, რომელშიც ძირითადი კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის შეიძლება ეფუძნებოდეს იმ მომენტისათვის კანონმდებლობით დადგენილ ნებისმიერ საგამონაკლისო წესს, ხოლო საუნივერსიტეტო დამატებითი კრიტერიუმები - უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების დებულებით. აკადემიური პერსონალის შერჩევა ეფუძნება ღიაობის, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს;

ი) იღებს გადაწყვეტილებას კურსდამთავრებულისთვის აკადემიური კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შესახებ;

კ) წარმომადგენლობითი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს დამხმარე და ადმინისტრაციული პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

ლ) უფლებამოსილია, ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება თავმჯდომარეს;

მ) ახორციელებს დაწესებულების საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. აკადემიურ საბჭოში შედის დაწესებულების ყველა პროფესორი. თუ დაწესებულების პროფესორების რაოდენობა გადააჭარბებს 30-ს, ინიშნება აკადემიური საბჭოს წევრების არჩევნები დაწესებულების სკოლების პროფესორების რაოდენობის პროპორციულად იმ პირობით, რომ წევრთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30-ს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არჩევნებს ნიშნავს და არჩევნებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო. აკადემიური საბჭოს წევრების არჩევა ხდება 5 წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

4. აკადემიური საბჭოს წევრები ხმათა უმრავლესობით 5 წლის ვადით ირჩევენ თავმჯდომარეს, რომელიც ორგანიზებას უწევს აკადემიური საბჭოს საქმიანობას, მათ შორის იწვევს და ხელმძღვანელობს მის სხდომებს, ხელს აწერს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებებს და კურსდამთავრებულისთვის აკადემიური კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტს. ერთი და იგივე პირი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. პროფესორის აკადემიური თანამდებობის დატოვება აკადემიური საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძველია.

6. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ინიციატივით ან წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მის საქმიანობაში მონაწილეობს წევრების ნახევარზე მეტი.

7. აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ერთხმად, კონსენსუსით. ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული საშუალებების (მათ შორის ელექტრონული ფოსტის) გამოყენებით ან სხდომამდე შედგენილ წერილობით დოკუმენტზე ხელმოწერით.

8. გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, ინიშნება ახალი სხდომა, რომელზეც მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების შემდეგი მოთხოვნები:

ა) ხმათა 4/5-ით მიიღება გადაწყვეტილება დაწესებულების წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე დაწესებულების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ;

ბ) ხმათა 2/3-ით მიიღება გადაწყვეტილება სტრატეგიული განვითარების გეგმის, საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის  განხორციელების პირობების განსაზღვრისა და შესაბამისი დებულებების, დაწესებულების ბიუჯეტისა და აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის, შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების დამტკიცების შესახებ, ასევე სკოლის ჩამოყალიბების, რეორგანიზაციის ან გაუქმების და საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ;

გ) ყველა სხვა გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.